პროექტი, რომელსაც “თავისუფლების ინსტიტუტი” თავის ამიერკავკასიელ პარტნიორებთან ერთად ევრაზიის ფონდის ხელშეწყობით ახორციელებს მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ფართოდ ჩართვას ისახავს მიზნად. უფრო კონკრეტულად, თუ როგორ შეუწყობს ხელს სკოლებში უსაფრხო გარემოს შექმნას საჯარო დისკუსიაში საზოგადოების ჩართულობა, “თავისუფლების ინსტიტუტის” აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაძე გვესაუბრება:
დღევანდელი სკოლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების აღზრდაა, რომელთაც სკოლა სათანადო განათლებას აძლევს. ამისათვის კი მოზარდებს უსაფრთხო გარემო და განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა სჭირდებათ. ცხადია, შეცდომაა, როდესაც სკოლას საზოგადოებისგან განყენებულად განვიხილავთ და მხოლოდ პედაგოგებს ვაკისრებთ მომავალი თაობის აღზრდაზე პასუხისმგებლობას.
საკუთარი წილი პასუხისმგებლობისა საზოგადოებამ და მშობლებმაც უნდა იტვირთონ და სწორედ ამაზეა გათვლილი ჩვენი პროექტი. ორიოდ სიტყვით რომ ვთქვათ, ეს არის ფართო დისკუსია მასწავლებელთა და მშობელთა მონაწილეობით. უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ, დისკუსიაში ჩართულია ასი მონაწილე, მაგრამ მიუხედავად მონაწილეთა მრავალრიცხოვნებისა, ისინი არ არიან პროცესის პასიური დამკვირვებლები და არ გვევლინებიან მხოლოდ მსმენელების როლში. მრავალრიცხოვან მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა კი სპეციალურად შექმნილი კომპიუტერული პროგრამის მეშვეობითაა შესაძლებელი. დისკუსიის ფორმატი ერთდროულად ათი ფოკუს ჯგუფის მუშაობას ითვალისწინებს, კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით კი შესაძლებელია ფოკუს ჯგუფებს შორის მოდერაცია და იდეებისა და კომენტარების ონლაინ სინქრონული გაცვლა.
ასეთი ფორმატით დისკუსიის ჩატარება საშუალებას იძლევა მოქალქეთა მონაწილეობით განისაზღვროს საზოგადოების საჭიროებები და პედაგოგთა და მშობელთა თანამშრომლობით დაიდოს სერიოზული დოკუმენტი, რომელსაც რეკომენდაციების სახით განათლების სამინისტროს წარვუდგენთ.
- რა სახით მონაწილეობს აზერბაიჯანი და სომხეთი აღნიშნულ პროექტში და ჩატარდა თუ არა მსგავსი ფორმატის დისკუსიები მეზობელ ქვეყნებში?
- პროექტი ნოვაციაა საქართველოში და მისი განხორციელება ჩვენი სომეხი პარტნიორების დახმარებით გახდა შესაძლებელი. სომხეთში მსგავსი მეთოდი უკვე რამდენჯერმე გამოიყენეს. თუმცა პროგრამის ის ვერსია, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ სპეციალურად ამ პროექტისთვის იქნა მოდიფიცირებული და ამით ის უნიკალურია. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქ ამგვარ პრაქტიკას ჯერ არ იცნობენ და საქართველოში მისი გამოცდით ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებს საშუალება ეძლევათ დააკვირდნენ პროცესის მიმდინარეობას და შემდგომ აზერბაიჯანშიც საფუძველი ჩაუყარონ საზოგადოებრივი დისკუსიების ამგვარ პრაქტიკას. ამგვარი თანამშრომლობა იძლევა საშუალებას, ამ პროექტმა კიდევ უფრო მასშტაბური სახე შეიძინოს.
- რა უპირატესობა აქვს ამ პროექტს და აპირებთ თუ არა მსგავსი ფორმატის სხვა სფეროებში დანერგვას?
- ამ პროექტის უპირატესობას განსაზღვრავს კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია შექმნილი და ეს, პირველ რიგში, საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობასა და წარმომადგენლობითობაში გამოიხატება. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ფართოდ წარმოდგენისათვის ეფექტური იქნება ამ ფორმატის არა მარტო განათლების სისტემაში, არამედ სხვა სფეროებში დანერგვაც. ბუნებრივია, “თავისუფლების ინსტიტუტი” ამ ნოვატორული ფორმატის აპრობაციას სხვა მიმართულებით შეეცდება და შესაძლოა, არა მხოლოდ თბილისი, ერთდროულად რამდენიმე რეგიონიც კი მოვიცვათ, რაც კომპიუტერული პროგრამის წყალობით იოლად მისაღწევია.
მომზადებულია თავისუფლების ინსტიტუტის მიერ